შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან უკვე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ჯერ არ იცის, კონკრეტულად როდის გამოაცხადებს კამპანიის დაწყებას. ამის თაობაზე ტრამპმა New York Magazine-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემს თავში, ასე რომ, სხვა არაფერი მოქმედებს მასზე”, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ თუ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, გაიმარჯვებს.
მისი თქმით, ახლა ცდილობს შეარჩიოს დრო, თუ როდის გამოაცხადოს ოფიციალურად კამპანიის დაწყება - 2022 წლის შემოდგომაზე, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, ხალხი ითხოვს, რომ მან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
მანამდე, მედია იუწყებოდა, რომ ტრამპი აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ დონორებთან საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა მოიპოვოს თავისი რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა (ნომინაცია). The New York Times-ის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპუბლიკელების ნახევარი მის კანდიდატურას ჯერ არ უჭერს მხარს.
ამავდროულად, The New York Times-ის სხვა გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 64% ეწინააღმდეგება მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.