შრი-ლანკის პარლამენტის დეპუტატები ახალ პრეზიდენტს მომავალ კვირას, მოქმედი პრეზიდენტის გოტაბაი რაჯაპაქსას გადადგომის შემდეგ აირჩევენ. იუწყება გამოცემა Colombo Page.
პარლამენტის სპიკერმა ჯაპა აბეივარდენამ განაცხადა, რომ პარლამენტი 15 ივლისს მოიწვევა, ხოლო ახალი პრეზიდენტი 20 ივლისს აირჩევა.
კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, სახელმწიფოს ახალი მეთაური ერთი თვის ვადაში უნდა აირჩეს.
თუ თანამდებობაზე ერთზე მეტი კანდიდატია წარდგენილი, პარლამენტი ატარებს ფარულ კენჭისყრას, რის შემდეგაც ახალი პრეზიდენტის ვინაობა სამი დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს.
დღესვე, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრამასინგჰემ განაცხადა, რომ მიიღო დოკუმენტები ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელიც ადასტურებს მის გადადგომას.
გასულ კვირას შრი-ლანკაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და მისი და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
საპროტესტო მღელვარების ფონზე, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ თანამდებობას დატოვებენ. ამავდროულად, პარლამენტში შრი-ლანკის პოლიტიკურმა პარტიებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს და შეუდგნენ მოლაპარაკებებს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შრი-ლანკაში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა გრძელდება. ბოლო დღეებში, აქციებს ახლდა არეულობა და ხანძრის გაჩენა. შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა, 60 მანქანა და 100-ზე მეტი შენობა განადგურდა.
შრი-ლანკა ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის 1948 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.