10 ივლისს, შრი-ლანკის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამართეს მოლაპარაკებები, რათა შეთანხმდნენ ახალი მთავრობის ფორმირებაზე მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მასობრივი არეულობის ფონზე, გადადგომაზე თანხმობა განაცხადეს.
Associated Press-ის ცნობით, მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი სახალხი ძალების" ლიდერმა რანჯით მადუმა ბანდარამ განაცხადა, რომ სხვა პარტიებსა და პარლამენტარებთან ერთად, განიხილეს მთავრობის ჩამოყალიბების საკითხი და იგეგმება დამატებითი შეხვედრები.
ამასთან, ბანდარას არ უთქვამს, როდისთვის მოხდება შეთანხმების მიღწევა.
ერთი დღით ადრე, შრი-ლანკის დედაქალაქი კოლომბო, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო მღელვარებამ მოიცვა.
მომიტინგეები პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას რეზიდენციაში შეიჭრნენ.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგჰეს რეზიდენციაში შეიჭრნენ და გადაწვეს იგი.
საპროტესტო მღელვარების ფონზე, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ თანამდებობას დატოვებენ. ამავდროულად, პარლამენტში შრი-ლანკის პოლიტიკურმა პარტიებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი პარლამენტის სპიკერი გახდება.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შრი-ლანკაში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა გრძელდება. ბოლო დღეებში, აქციებს ახლდა არეულობა და ხანძრის გაჩენა. შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა, 60 მანქანა და 100-ზე მეტი შენობა განადგურდა.
შრი-ლანკა ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის 1948 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.