შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერის მაჰინდა იაპა აბეივარდენას განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ მას აცნობა, რომ 13 ივლისს გადადგება. იტყობინება CNN-ი პარლამენტის სპიკერის ოფისზე დაყრდნობით.
პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეკრებაზე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის გადადგომა უნდა მოეთხოვათ.
მანამდე შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრემესინგემ განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს და გზა გაუხსნას კოალიციურ მთავრობას.
საპროტესტო მღელვარება გრძელდება ინდოეთის ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო შრი-ლანკაში, რომლის დედაქალაქის ქუჩები დილიდან სავსეა ათეულ ათასობით დემონსტრატით.
მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან აპროტესტებენ ეკონომიკურ კრიზისს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უუნარობას და მათ დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მომიტინგეები შეიჭრნენ შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგჰეს კერძო რეზიდენციაში, რომელშიც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ცეცხლი წაუკიდეს.
დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეები ასევე შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. AFP-ის ცნობით, პრეზიდენტმა რეზიდენცია დემონსტრანტების შიგნით შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.