შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომის მოთხოვნით, მრავალათასიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აქციის ათასობით მონაწილემ გაარღვია პოლიციის კორდონი და შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში.
პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
AFP-ის ცნობით, პრეზიდენტმა რეზიდენცია დემონსტრანტების შიგნით შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.
ფინანსური კრიზისი შრი-ლანკაში
შრი-ლანკაში უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ქვეყანაში შეიქმნა საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი.
შრი-ლანკის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა გადახდისუუნარო გახდა. პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრამასინგემ პარლამენტს განუცხადა, რომ ქვეყანა ღრმა რეცესიაში ჩავარდება და 2023 წელსაც ურთულესი ვითარება იქნება.
მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, შრი-ლანკის კათოლიკურმა ეკლესიამ მოუწოდა პრეზიდენტ გოტაბაი რაჯაპაქსას, აიღოს კრიზისზე პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადადგეს.