1079-დღიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დღეს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობა და მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა.
ბორის ჯონსონი პრემიერად მანამდე დარჩება, ვიდრე პარტია მის მემკვიდრეს არ აირჩევს.
ვინ განიხილება ბრიტანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრად?
რბოლა დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში განთავსებული პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის დასაკავებლად უახლოეს დღეებში დაიწყება.
როგორც იუწყებიან, გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებისთვის ყველაზე მაღალი შანსი თავდაცვის მდივან ბენ უოლესს აქვს. ბოლო ხანებში, მისმა პოპულარობამ მკვეთრად იმატა.
YouGov გამოკითხვის მიხედვით, უოლესმა დაჯაბნა ყველა სხვა მთავარი კანდიდატი, მათ შორის პენი მორდო, რიში სუნაკი და ლიზ ტრასი.
…when you compare individual candidates against one another in head to head contests (as happens in the final stage of a Conservative leader election) a clear winner emerges among Conservative members: Ben Wallace (2/3)https://t.co/s76Vy5j93R pic.twitter.com/s0T5hatcOM
— YouGov (@YouGov) July 7, 2022
რიში სუნაკი
ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი პირველი იყო, ჯანდაცვის მდივან საჯიდ ჯავიდთან ერთად, რომელმაც ბორის ჯონსონის მთავრობის კაბინეტი დატოვა.
წარსულში რიში სუნაკში კონსერვატორთა რიგებში პოპულარობით სარგებლობდა და ერთ ხანს კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერადაც განიხილებოდა.
სუნაკი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის დასაწყისიდან იკავებდა. პანდემიის შედეგების დაძლევისა და ეკონომიკური აღდგენის საქმეში, რიში სუნაკმა საკვანძო როლი შეასრულა, შემოიღო რა მთელი რიგი ზომები დაზარალებული ბიზნესისა და დასაქმებულთა მხარდასაჭერად.
რიში სუნაკი გადასახადების შემცირებას ემხრობა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას.
ლიზ ტრასი
საგარეო საქმეთა მდივანს დიდი ხანია ასახელებენ, როგორც ბორის ჯონსონის პოტენციურ მემკვიდრეს და გამოკითხვებმაც აჩვენა, რომ ის პოპულარულია კონსერვატიული პარტიის წევრებში.
ლიზ ტრასი 2010 წლიდან დეპუტატია და ამავე დროს კაბინეტის ყველაზე ხანგრძლივად უწყვეტი წევრი, რომელსაც დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ბორის ჯონსონის მთავრობებში მაღალი თანამდებობები ეკავა.
საგარეო საქმეთა მდივნის თანამდებობის დაკავებამდე, ლიზ ტრასს საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის პორტფელი ებარა.
ბენ უოლესი
თავდაცვის მდივან ბენ უოლესის პოპულარობის რეიტინგი კონსერვატიული პარტიის რიგებში, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა.
მისმა სამუშაომ, რომელიც ავღანეთიდან ლტოლვილებისა და ბრიტანელი მოქალაქეების ევაკუაციის ზედამხედველობისას შეასრულა, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამასთან, უოლესი კვლავაც არის მთავარი პირი დიდი ბრიტანეთის საპასუხო ქმედებებში უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით
ბრიტანეთის მედიის ცნობით, უოლესს მჭიდრო კავშირები აქვს შოტლანდიის პოლიტიკურ წრეებთან, რაც შესაძლოა ხელსაყრელი ფაქტორი იყოს, თუ მთავრობა შოტლანდიის დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნებს წააწყდება.
ბენ უოლესი, როგორც ბორის ჯონსონის გრძელვადიანი მოკავშირე, ამტკიცებდა, რომ "არ აქვს ინტერესი" ხელმძღვანელ თანამდებობაზე და თავს პრივილეგირებულად გრძნობს იმ თანამდებობაზე, რომელსაც ამჟამად უკავია.
ჯერემი ჰანტი
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ყოფილი მდივანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი, რომელიც იყო ბორის ჯონსონის კონკურენტი 2019 წლის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების ბოლო რაუნდში.
პარტიის ლიდერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბორის ჯონსონმა ჯერემი ჰანტი გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მდივნის თანამდებობიდან.
ჯერემი ჰანტმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯონსონი და მისი მთავრობა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით არასწორი პოლიტიკის გამო.
პენი მორდო
პენი მორდო ტერეზა მეის მთავრობაში თავდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებდა. ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ის გაათავისუფლეს თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან.
2020 წელს პენი მორდო სახელწიფო ხაზინის მინისტრი გახდა, ხოლო მოგვიანებით საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში გადაინაცვლა.
პენი მორდო მკაცრად აკრიტიკებდა ბორის ჯონსონის მთავრობას კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო.
საჯიდ ჯავიდი
საჯიდ ჯავიდს ლამის ყველა თანამდებობა ეკავა ბრიტანეთის მთავრობაში. ბოლო დროს ის ჯანდაცვის მდივანი იყო, მანამდე მას ეკავა კანცლერის, შინაგან საქმეთა მდივნის, საბინაო საკითხთა მდივნის, ბიზნესის საქმეთა მდივნისა და კულტურის მდივნის თანამდებობები.
ჯავიდი 2019 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის კენჭს იყრიდა, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
საჯიდ ჯავიდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 5 ივლისს რიში სუნაკთან ერთად ბორის ჯონსონის მთავრობა დატოვა.
დომინიკ რააბი
დომინიკ რააბს ამჟამად ბრიტანეთის იუსტიციის მდივნისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია. ბრიტანული მედიის ცნობით, ეს თანამდებობები აძლევს მას შანსს, ძლიერად იყოს წარმოდგენილი პარტიის მომავალი ლიდერისთვის წამოწყებულ რბოლაში.
2020 წლის გაზაფხულზე, დომინიკ რააბი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, როდესაც კოვიდინფიცირებული ჯონსონი მკურნალობას გადიოდა.
რააბი 2019 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის კენჭს იყრიდა, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
საერთაშორისო კოალიციური ჯარების ავღანეთიდან გამოსვლისა და თალიბანის მმართველობის დამყარების შემდეგ, დომიკი რააბს მკაცრად აკრიტიკებდნენ, რამაც მას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის თანამდებობა დააკარგინა. თუმცა ჯონსონმა რააბი მაინც შეიარჩუნა მთავრობაში და იუსტიციის მდივნის პორტფელი ჩააბარა.
განახლება: დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ არ აპირებს პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას.
ფოტოები: Sky News