"ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორის დმიტრი მურატოვის ნობელის მედალი, რომელიც მან 2021 წელს მშვიდობის დარგში მიიღო, აშშ-ში აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნობელის მედალი ამერიკული აუქციონის სახლის Heritage Auctions-მა 20 ივნისს საღამოს გამართულ აუქციონზე გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია.
მედლის გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა მოხმარდება გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის ჰუმანიტარულ მისიას, რათა დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
დმიტრი მურატოვმა ჯილდო 2021 წლის ოქტომბერში ფილიპინელ მარია რესასთან ერთად მიიღო „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის". მურატოვმა ჯილდოს სახით მიღებული ფულადი პრემიის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნობელის მედალს ლაურეატები ან მისი ოჯახის წევრები ყიდიან, თუმცა ასეთი მაღალი ფასი მასში არავის გადაუხდია.