საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" (RN) ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
მარინ ლე პენის პარტიამ ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტის ქვედა პალატა) 89 მანდატი მოიპოვა, რაც ანალიტიკოსების თქმით, შთამბეჭდავი შედეგია.
"ვტოვებ პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას და ვფოკუსირდები ეროვნულ ასამბლეში ამ ძალიან დიდი ფრაქციის თავმჯდომარეობაზე", - თქვა ლე პენმა.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა აღიარა, რომ არჩევნების შედეგებმა სასიამოვნოდ განაცვიფრა, რადგან თავად დაახლოებით, 60 მანდატის მიღებას ელოდა.
"გაკვირვებულები ვართ ჩვენი თანამემამულეების მობილიზებით და ამ სურვილით, რომ ეროვნული ასამბლეიდან არ გაქრეს იმიგრაციის, უსაფრთხოების, ისლამიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თემები", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამასთან, მან მოუწოდა თავის 89 დეპუტატს, იყვნენ მაგალითი სხვა პოლიტიკოსებისთვის.
"ჩვენ უნდა ვიყოთ უკეთესები, უფრო შრომისმოყვარე, უფრო სრულყოფილი და უფრო ეფექტური", - თქვა ეროვნული ასამბლეის ფრაქციის მომავალმა ხელმძღვანელმა.