საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროინტეგრაციის მოთხოვნით თბილისში დაანონსებულ აქციებს ეხმიანება.
ლომჯარიას თქმით, საზოგადოება ყველა აქციას უნდა დაესწროს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გაიმართება.
"ვფიქრობ, რომ ახლა არ არის ნამდვილად დრო, რომ საზოგადოება დაიყოს და კიდევ უფრო გაიყოს სხვადახვა საკითხების გარშემო. პირიქით, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ, ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება. ეს აქციები ასევე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან.
მე ვემხრობოდი, რომ ყველგან წავიდეთ, სადაც იქნება მოწოდება ევროპასთან უფრო მეტი ინტეგრაციის შესახებ. შეიძლება, წავიდე, რა იქნება პირადი გეგმები, ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად თბილისში ორი აქციაა დაანონსებული. 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქცია საქართველოს პრეზიდეტნმა დაანონსა, 20 ივნისს მოძრაობა "სირცხვილია" გეგმავს აქციის გამართვას.