კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მფლობელი შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის ფილმი „სევდის სამკუთხედი“ გახდა.
ფესტივალის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ორმა ნამუშევარმა: ლუკას დონტის კინოსურათმა "ახლოს" და კლერ დენის ფილმმა "ვარსკვლავები შუადღეს".
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სამხრეთკორეელმა პაკ ჩან უკმა მოიპოვა.

ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცა ძმები დარდენების ფილმს "ტარი და ლოკიტა".
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის პრიზი გადაეცა სამხრეთკორეელ მსახიობს სონ კან ხოს, ჰიროკაზუ კორე-ედას ფილმში "ბროკერი" შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა მსახიობ ზარ ამირ-ებრაჰიმის ალი აბასის "წმინდა ობობაში" შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო შვედმა რეჟისორმა ტარიკ სალეხმა მიიღო ფილმისთვის "ბიჭი სამოთხიდან".
ჟიურის პრიზი ერთდროულად ორ ფილმს გადაეცა - შარლოტა ვანდერმერსის და ფელიქს ვან გრუნინგენის იტალიურ-ბელგიური ფილმს "რვა მთა" და პოლონელი რეჟისორის ეჟი სკალიმოვსკის "იოს".
ფესტივალის მთავარ კონკურსში წელს 18 ფილმი იყო წარმოდგენილი. კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 17-დან 28 მაისამდე მიმდინარეობდა.