ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გლობალურმა საზოგადოებამ ერთობლივი ზომები უნდა მიიღოს ადამიანებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ჩვენ გვჯერა, რომ თუ ახლავე მივიღებთ სწორ ზომებს, მაშინ, ალბათ, ადვილად შევძლებთ მისი გავრცელების შეკავებას", - ციტირებს ევროპული მედია ჯანმო-ს გლობალური ინფექციური საფრთხეებისთვის მზაობის დირექტორს, სილვია ბრიანს.
კერძოდ, მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა გააზიარონ ინფორმაცია ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგების შესახებ.
"ჩვენ არ ვიცით მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომი დოზების ზუსტი რაოდენობა, ამიტომ მოვუწოდებთ ქვეყნებს, აუწყონ ჯანმო-ს რა მარაგები აქვთ", - დასძინა ბრაინმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაიმუნის ყვავილის გადაცემა ბევრად უფრო ნელია, ვიდრე სხვა ვირუსების, როგორიცაა კორონავირუსი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი დღეისთვის 200-ზე მეტია. შემთხვევები დაფიქსირდა 20-ზე მეტ ქვეყანაში.
ცოტა ხნით ადრე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, მასობრივი ვაქცინაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს.