შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორის დისტანციის თანამედროვე სარაკეტო სისტემების მიწოდებას გეგმავს. აღნიშნული სისტემების გადაცემა დღეს უკრაინის მთავარი მოთხოვნაა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელერახი CNN ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკვე, შესაძლოა, მომდევნო კვირას გამოცხადდეს.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძოდ პრეზიდენტი ზელენსკი, ბოლო კვირებში ამერიკასა და მის მოკავშირეებს ზალპური ცეხლის რეაქტიული სისტემების გადაცემას სთხოვდა. აშშ-ში წარმოებულ სისტემებს შეუძლია რაკეტების გაშვება ასობით კმ-ის მანძილზე, იმაზე უფრო შორს, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში არსებულ სისტემებს.
კიდევ ერთი სისტემა, რომელსაც უკრაინა ითხოვს, ეს არის მაღალმობილური საარტილერიო სარაკეტო სისტემა - HIMARS.
ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში უარს ამბობდა უკრაინაში სისტემების გაგზავნაზე, რადგან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შიშობდნენ, რომ უკრაინამ, შესაძლოა, აღნიშნული სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევით ბრძოლებაში გამოიყენოს.
გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ს სთხოვა მიიღოს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.