ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო სექსი საკმარისია იმისთვის, რომ მაიმუნის ყვავილი კონტროლის ქვეშ შევინარჩუნოთ, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რისკის პათოგენების განყოფილების ხელმძღვანელმა, რიჩარდ პებოდიმ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია საჭირო არ არის.
როგორც რიჩარდ პებოდიმ Reuters-ს უთხრა, პირადი ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო სექსი საკმარისი იქნება ინფექციის გავრცელების გასაკონტროლებლად.
მისივე თქმით, კონტაქტების მოძიება და ინფიცირებულთა იზოლაცია არის მთავარი ზომები მაიმუნის ყვავილის გავრცელების გასაკონტროლებლად.
მანამდე გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე მიუთითა, რომ მაიმუნების ყვავილი არ არის ძალიან საშიში ადამიანისთვის.
მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
24 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 131 დადასტურებული შემთხვევა 19 ქვეყანაში.
მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.