"ბატონი მიხეილი აგრძელებს დაკვირვების რეჟიმში ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღეს მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი, ჩაუტარდა კვლევები და გუშინ სრული კომპიუტერული ტომოგრაფია", - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე მედიასთან საუბრობს და საქართველოზე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.
როგორც ნინო ნადირაძე ამბობს, თავად მიხეილ სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე კვლევის შედეგები უკვე გადაუგზავნეს სახალხო დამცველის აპარატს და მომავალშიც ამ პრინციპით გადააგზავნიან.
ამასთან, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი კლინიკას სრულ ნდობას უცხადებს.
„ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. თავად პაციენტთან ყოველთვის შეთანხმებული მაქვს ნებისმიერი კვლევა, რის ჩატარებასაც ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილს ამაზე მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ის გვაძლევს ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას. მწყინს ხოლმე, როდესაც მესმის სულ სხვა შეფასებები. ბატონი მიხეილი აგრძელებს დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი. გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები. გუშინ ჩაუტარდა სრული კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ, მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას. ეს არ არის საჭორაო და საჯაროდ გასარჩევი თემა. სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ წარმომადგენლები, წარმომიდგინეს ბატონი მიხეილის დასტური, რომ თანახმაა, გავცეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს – ის, რაც გუშინდელი დღის ჩათვლით იყო გაკეთებული. შემდეგშიც, როდესაც მოგვმართავენ, ასევე დარჩენილი კვლევების პასუხებსაც, რა თქმა უნდა, გადავცემთ. შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი ეს არ უნდა იყოს. მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენს მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგში. მინდა, ბატონი მიხეილი იყოს კარგად. მინდა, ყველა პაციენტი იყოს კარგად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.