ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, საკმარისად არ იცნობს უკრაინაში რუსეთის "სპეციალური ოპერაციის" მიმდინარეობას, რომ ილაპარაკოს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ის გაჭიანურდა.
"მე იმდენად არ ვარ დაკავებული ამ პრობლემით, რომ ვილაპარაკო მიმდინარეობს თუ არა ის [რუსეთის სპეცოპერაცია] გეგმის მიხედვით, როგორც ამბობენ, რუსები ან როგორც მე ვგრძნობ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ვარაუდით, ოპერაცია გაჭიანურდა", - განაცხადა ლუკაშენკამ Associated Press-თინ ინტერვიუში.
ამასთან, ლუკაშენკას აზრით, ომის პროვოცირება უკრაინამ მოახდინა. მისივე თქმით, ბელარუსი მშვიდობის მომხრეა.
"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. თქვენი მონა-მორჩილის, ანუ ჩემი წყალობით, დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის", - დასძინა ლუკაშენკამ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, ბირთვულმა იარაღმა შესაძლოა დედამიწა თავისი ორბიტიდან გადაისროლოს "კაცმა არ იცის საით".