ლონდონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში შეტევების განახლებისა და მარიუპოლში კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ დაბომბვის შესახებ დაზვერვის ანგარიშების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანმა ელიზაბეტ ტრასმა დღეს გამოაცხადა სანქციების ახალი ტალღა.
უკრაინაში განგრძობითი აგრესიის საპასუხოდ, ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებს ახალ შემაკავებელ ზომებს რუსული არმიის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ფრონტის ხაზზე აძლევენ ბრძანებებს საშინელი ქმედებების ჩადენის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფო სანქციებს შემდეგ სამხედრო პირებს უწესებს:
რუსული არმიის მეთაურს, "ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში“ მონაწილე ვიცე-პოლკოვნიკ აზატბეკ ომურბეკოვს;
საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურ გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვს;
გენერალ-მაიორ, რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურ ვალერი ფლიუსტიკოვს;
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, გენერალ - პოლკოვნიკ ნიკოლაი ბოგდანოვსკის.
სანქციები შეხო 10 სტრუქტურას. მათ შორის საწარმო „პრომტეხ-დუბნას“, ასევე კონცერნ „კალაშნიკოვს“. სანქცირებული პირებისა და კომპანიების აქტივები გაიყინება. ამ მომენტისთვის ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციებს ექვემდებარება რუსეთის 1 300-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი.