"ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოში ხდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევების შედეგად, მარტის თვეში, მსოფლიოში, დაახლოებით, 13 %-ზე მეტით არის სურსათის ფასები გაზრდილი", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი ვერც ხორბლის და ფქვილის ფასთან მიმართებაში.
"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლის წარმოების ზრდას. სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია ხორბლის წარმოება, დაახლოებით 35-36%-ით, რაც მნიშვნელოვანია; მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მეტის საშუალება გვაქვს და ამისთვის კონკრეტულ მექანიზმებსაც შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას და, მომავალი წლების განმავლობაში, მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ ჩვენ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ", - აღნიშნა მინისტრმა.