"წლების განმავლობაში, წყლის რესურსების მართვის სფეროს დერეგულირებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი პრობლემები, მოიშალა წყლის რაოდენობაზე და ხარისხზე დაკვირვების სისტემა, ქაოტურმა წყალმოხმარებამ, სტანდარტების გაუქმებამ, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობამ გააუარესა ზედაპირული წყლების ხარისხი საქართველოს მდინარეებში. წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენება კი, გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს წყლის რესურსების შემცირების რისკს და საფრთხის ქვეშ აყენებს წყალზე ხელმისაწვდომობას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია წყლის რესურსების მართვის სფეროს ფუნდამენტური რეფორმა. ევროპული დირექტივების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, მომზადდა "წყლის რესურსების მართვის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.