საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას. 2012-2021 წლებში, გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები, დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები. 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 40-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა.
2012 წლიდან, 4-ჯერ გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა და 2019 წელს, რეკორდულ მაჩვენებელს 1 200 000 ვიზიტორს მიაღწია. 2021 წელს კი დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ვიზიტორთა მიღება 26 მაისს აღადგინა, მხოლოდ 5 თვეში, ტურისტულად რეკორდული წლის (2019 წელი) 12 თვის მაჩვენებელი თითქმის 50%-ით შეასრულა და 600 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა.
ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ბოლო წლებში გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები: მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, თეთრა მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, საწურბლიას მღვიმე, აშენდა 12 ვიზიტორთა ცენტრი, შეიქმნა 8 ეკოტურისტული ატრაქცია, მოეწყო 39 ეკოტურისტული ბილიკი. 2021 წლის მდგომარეობით, დაცულ ტერიტორიებზე 82 საფეხმავლო (მათ შორის სამანქანოსთან ინტეგრირებული) ბილიკია და 5 სანაოსნო მარშრუტი. ბილიკების საერთო სიგრძე დაახლოებით 1 800 კმ-ია.
„დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარებამ, ეკოტურიზმის განვითარებამ და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ, განაპირობა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ეკოტურისტულ საქმიანობაში, ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ეკოტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც ადგილობრივების ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. 2021 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ დასაქმებულია დაახლოებით 1 200 ადამიანი, ფუნქციონირებს 400-მდე სასტუმრო, 200-მდე კვების ობიექტი. დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა - სალაშქრო ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრები, ასევე დაინერგება ახალი ეკოტურისტული სერვისები“ , - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.