გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროს უწყებაში 2020 წელს შექმნილ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე, რომლის უმთავრესი ფუნქცია მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის კადასტრის წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვაა, ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნება მიწის ბალანსის განახლებადი მონაცემები.
"დაინერგება სატელიტური მონიტორინგის სისტემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022-2024 წლებში განახორციელებს. ეტაპობრივად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რაც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი პროცესია. სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რაც დაგვეხმარება ქვეყანაში ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთების გასაერთიანებლად სტრატეგიული ხედვისა და ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც სააგენტო ამ ეტაპზე ახორციელებს, ესენია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა და ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა.
საძოვრების პროგრამის ფარგლებში, უკვე გამოქვეყნდა 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი. მათზე განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება 26 აპრილს. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge).
„პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის საძოვრების გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის ახალ საკანონმდებლო ბაზას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, 2021 წელს, აგრარულ საკითხთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, პარლამენტმა მიიღო კანონი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ. დაწყებულია ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, გასულ წელს ინვენტარიზაცია ჩატარდა თელავში, მიმდინარე წელს კი ჩატარდება საგარეჯოსა და მარნეულში. მთელი ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს დასრულდება, ხოლო შემდგომ იგეგმება ქარსაფარი ზოლების აღდგენა, რეაბილიტაცია, გაშენება, მართვის გეგმების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მათი მდგრადი მართვის განხორციელება.