გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას , სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და 2021 წლის შედეგები შეაჯამა.
„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის - სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2021 წელს 34,000 ტონაზე მეტი ტევადობის შემნახველი მეურნეობა შეიქმნა“ ,-განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ ლარამდეა, სახელმწიფო თანადაფინანსება 24 მლნ ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წლის განმავლობაში, მხარდაჭერილია 12 გადამმუშავებელი საწარმო, ძირითადად, ღვინის წარმოების და ხილის გადამუშავების (სპირტის წარმოება), რომელთა საინვესტიციო ღირებულება 17 მილიონს ლარს აჭარბებს, სახელმწიფო თანადაფინანსება 5 მლნ ლარს აღემატება.
სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტითაც.
2021 წლის განმავლობაში, შექმნილი გადამმუშავებელი და შემნახველი მეურნეობების საინვესტიციო ღირებულება, ჯამში, 87 მლნ ლარს აჭარბებს.