დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ახალი შემზღუდავი ზომების თანახმად, სანქციებულთა სიას რუსეთის კიდევ 206 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა.
სანქციების მორიგი პაკეტის სამიზნეა ის სუბიექტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს.
"აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს უკანონო სეპარატისტულ რეგიონებს და მონაწილეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში", - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.
"ხვალიდან ჩვენ ავკრძალავთ რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე კვანტური ტექნოლოგიებისა და მოწინავე მასალების ექსპორტს, რომლებიც პუტინს ძალიან სჭირდება. ჩვენი მისიაა პუტინის ომის მანქანა შევაჩეროთ", ამბობს ტრასი.
სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ნავთობის მაგნატები, კომპანია "ლუკოილის" მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი და კომპანია "სურგუნეფტგაზის" მფლობელი ვლადიმირ ბოგდანოვი. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ:
ვლადიმირ ევტუშენკოვი - საინვესტიციო კომპანია АФК Система-ს ხელმძღვანელი;
ვიქტორ მედვედჩუკი - უკრაინელი ოლიგარქი და პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში გუშინ დააკავეს;
ვიაჩესლავ ფეტისოვი - ჰოკეის მოთამაშე და დეპუტატი;
მუსა ბაჟაევი - მრავალპროფილური ჰოლდინგის "ალიანს ჯგუფის" ხელმძღვანელი;
ფარხად ახმედოვი - აზერბაიჯანული წარმოშობი რუსი ბიზნესმენი;
საიდ ქერიმოვი - სულეიმან ქერიმოვის ვაჟი, ოქროს მომპოვებელი კომპანია "პოლუსის" ხელმძღვანელი;
ანდრეი ბოკარევი - ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის Кузбассразрезуголь-ის ხელმძღვანელი;
ელენა ტიმჩენკო - ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ცოლი;
გრიგორი ბერეზკინი - საინვესტიციო კომპანია YESN Group-ის ხელმძღვანელი;
ვლადიმერ იაკუნინი - რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი.