შრი-ლანკამ, რომელიც ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, განაცხადა, რომ აღარ ძალუძს საგარეო ვალის მომსახურება.
ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი დეფოლტის ზღვარზეა და ვერ ახერხებს 51 მილიონი დოლარის გადახდას.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შრი-ლანკას საგარეო ვალის მომსახურებისთვის უცხოური ვალუტა არ გააჩნია, მაგრამ მზად არის განიხილოს ეროვნული ვალუტით გადახდების საკითხი.
ფინანსთა სამინისტრო ვალების რესტრუქტურიზაციაზე კრედიტორებთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ ეს არის ბოლო შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური მდგომარეობის შემდგომი გაუარესება.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პანდემიის გავლენამ და უკრაინის ომმა "შეუძლებელი" გახადა კრედიტორების დაკმაყოფილება.
შრი-ლანკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ღრმა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.
22-მილიონიან ქვეყანაში შეიქმნა საკვების, საწვავის, სამედიცინო მარაგების დეფიციტი, რასაც თან დაერთო ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, გამუდმებული საპროტესტო აქციები.
შექმნილ კრიზისულ ვითარებას ეკონომისტები ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, სესხების დაგროვებას და მცდარ საგადასახადო პოლიტიკას უკავშირებენ.
შრი-ლანკის საგარეო ვალი შეადგენს 51 მილიარდ აშშ დოლარს და მას დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი აქვს წელს გადასახდელი.
საერთაშორისო ეკონომისტები მოუწოდენ შრი-ლანკას, მოლაპარაკება დაიწყოს თავის კრედიტორებთან - მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან, იაპონიასა და ჩინეთთან, რათა შეძლოს გადახდების დროებით შეჩერება და ქვეყნის სტაბილიზაციის გზაზე დაბრუნება.