ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
„ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია კოლომინას განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა. ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. "არჩევნების" მეორე ტურში გადავიდნენ ანატოლი ბიბილოვი და პარტია "ნიხასის" თავმჯდომარე ალან გაგლოევი.
ე.წ. არჩევნები მკაცრად დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და სხვებმა.