გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ორშაბათს, 4 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში 104 რუსი დიპლომატია აკრედიტებული.
ანალენა ბერბოკმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეები და ომის დანაშაულები.
"ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა არასასურველად გამოაცხადოს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ყოველდღე მუშაობდნენ აქ გერმანიაში ჩვენი თავისუფლების, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ", - ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა.
ბერბოკის განცხადებით, ბერლინი აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან ერთად შემდგომ საპასუხო ქმედებებზე.
"ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ არსებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ გადამწყვეტად გავზრდით მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ და ასევე გავაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს", - განაცხადა ბერბოკმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.