3 აპრილს, სერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად მიმდინარეობს.
ამასთან, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გარდა, სერბეთში ადგილობრივი არჩევნებიც ტარდება, ქვეყნის 11 თემსა და ორ ქალაქში, მათ შორის ბელგრადში.
გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი "სერბეთის პროგრესული პარტია" საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს. მოელიან, რომ პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს ვუჩიჩი.
ალექსანდრ ვუჩიჩის მთავარი მეტოქე სერბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ზდრავკო პონოსია, რომელსაც პროევროპული ოპოზიცია უჭერს მხარს.
ექსპერტები თვლიან, რომ პონოსი ვერ შეძლებს ვუჩიჩის დამარცხებას, რომელმაც თავისი ძალაუფლება 2017 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განამტკიცა.
კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი პრორუსი ვუჩიჩი ეფექტურად აკონტროლებს მედიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს სერბეთში.
სერბეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაური ირჩევა ხუთი წლის ვადით, ხოლო პარლამენტარები - ოთხი წლით.
არჩევნებში მონაწილეობას სერბეთის 6,5 მილიონზე მეტი მოქალაქე იღებს.