თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე იგივე სოციალური დაცვის გარანტიები განხორციელდება, რაც სამხედრო მოსამსახურეებზე მოქმედებს. ამის შესახებ დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
აღნიშნული ცვლილება თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებების შემოღებამ განაპირობა.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სამ კატეგორიად იყოფიან: სამოქალაქო პირები, სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამივე კატეგორიის თანამშრომელთა მართვა და მათთან სამსახურებრივი ურთიერთობის ერთიანი მიდგომით და პროცედურებით დარეგულირდება.
შესაბამისად, ცვლილებები შედის "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ", "სამხედრო პოლიციის შესახებ", "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონებში.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული ცვლილების პლენარულ სხდომაზე გატანას.