დღეს, 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღნიშნავს.
ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ დოკუმენტი ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე 1917 წლის 12 ( 25) მარტს მიიღო. იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, რომელიც შემდგომ მარტყოფის მონასტერში მოკლეს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური. მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.
ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთს იმპერიამ 1810 წელს გააუქმა, საქართველოს ეკლესიას ეგზარხოსის მეშვეობით წლების განმავლობაში რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ვარლამ ერისთავი ასრულებდა. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო.
რუსეთის სინოდის მეცადინეობით მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შემცირდა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით, გადაიღება უნიკალური ქართული ფრესკები.