ჩინეთი არ არის მზად, მხარი დაუჭიროს რუსეთის "დიდი ოცეულიდან" გარიცხვას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
სპიკერის განცხადებით, "დიდმა ოცეულმა" უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა საერთო პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის მიზნით.
მისივე თქმით, რუსეთი "დიდი ოცეულის" ფორმატის "მნიშნველოვანი წევრია".
"არც ერთ ცალკეულ წევრს არ ხელეწიფება სხვა ქვეყნის გარიცხვა. "დიდმა ოცეულმა" უნდა გააძლიეროს ერთიანობა და თანამშრომლობა", - თქვა სპიკერმა.
მანამდე გავრცელებული ცნობით, დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ რუსეთის "დიდი ოცეულის" ფორმატიდან გარიცხვას. ინიციატივას მხარს უჭერს შეერთებული შტატები.
შეგახსენებთ, ყირიმის ანექსიისა და პრორუსი სეპარატისების მიერ დონბასის დაკავების შემდეგ რუსეთი "დიდი რვიანიდან" გარიცხეს.
"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 80 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.