შეერთებული შტატები ემხრობა რუსეთის "დიდი ოცეულის" (G20) ფორმატიდან გარიცხვას და აპირებს, განიხილოს ეს საკითხი თავის პარტნიორებთან. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"გვჯერა, რომ რუსეთი ვეღარ გააგრძელებს ჩვეულებისამებრ მოქმედებას საერთაშორისო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში", - თქვა სალივანმა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამ ფორმატში "უკვე მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა რუსეთი იყოს G20-ის ნაწილი". "თუ რუსეთი დარჩება წევრად, ეს ფორმატი ვეღარ შეასრულებს დასახულ მიზნებს", - განაცხადა წყარომ.
მანამდე, პოლონეთმა შესთავაზა აშშ-ს, განეხილა რუსეთის "დიდი ოცეულის" ფორმატიდან გარიცხვის შესაძლებლობა, რაზეც, მისი თქმით, "პოზიტიური გამოხმაურება" მიიღო.
შეგახსენებთ, ყირიმის ანექსიისა და პრორუსი სეპარატისების მიერ დონბასის დაკავების შემდეგ რუსეთი "დიდი რვიანიდან" გარიცხეს.
"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 80 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.