უკრაინაში ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ საელჩომ თავისი თანამშრომლების ევაკუაცია დაასრულა. ინფორმაციას უკრაინული მედია ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ელჩმა ევაკუაციის მიზეზად "მუშაობის აუტანელი პირობები" დაასახელა. კერძოდ, საელჩოს დაბლოკილი ჰქონდა ყველა ფინანსური ანგარიში, ამასთან, მისი თქმით, საელჩოს თანმაშრომლებს შექმნილი ჰქონდათ "გაუსაძლისი პირობები, იყო მუდმივად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები".
ბელარუსი დიპლომატების ბოლო ჯგუფმა უკრაინა 18-19 მარტს დატოვა. ელჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დიპლომატებს 20-საათიანი შემოწმების გავლა მოუწიათ. ამასთან, საზღვრის გადაკვეთისას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერგეი დეინეკომ ელჩს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელისთვის "30 ვერცხლის" გადაცემა სთხოვა, მაგრამ ელჩმა გზავნილის გამორთმევაზე უარი უთხრა.