ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, რომელიც ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი, დაკავებიდან ერთ დღეში გაათავისუფლეს.
18 მარტს, ბორისოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მის დაკავებას „სასტიკი და აღმაშფოთებელი ქმედება“ უწოდა.
ბორისოვის გათავისუფლებას არ ეთანხმება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი, რომელმაც პროკურატურა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საბოტაჟში დაადანაშაულა.
62 წლის ბორისოვი 17 მარტს ევროკავშირის თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
ბულგარეთის ფინანსთა მინისტრის ასენ ვასილევის განცხადებით, ბორისოვი ეჭვმიტანილია ლატარიის ერთ-ერთი მაგნატისაგან ქრთამის აღებაში გადასახადის დაბრუნების სანაცვლოდ. ასევე გაათავისუფლეს მისი კონსერვატიული პარტიის ორი ყოფილი წევრი, მათ შორის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვლადისლავ გორანოვი. პროკურატურას მათთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებია.
ბორისოვი შსს-ს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. პროკურატურა არ იყო ინფორმირებული ამ ოპერაციის თაობაზე. ხელისუფლება ამ გზით აპირებდა გენერალური პროკურორის ივან გეშევის გვერდის ავლას, რომელიც თავადაც შემჩნეულია კორუფციის მიმართ თვალის დახუჭვაში.
პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა, რომელმაც ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლაში, ბორისოვის გათავისუფლებას უწოდა "სრული დივერსია პროკურატურის მიერ" და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას ბულგარეთის "თავისუფალ და ნორმალურ ევროპულ ქვეყნად" გარდაქმნისთვის.
პროკურატურამ მის მიმართ გამოთქმული ყველა პრეტენზია უარყო. უწყების სპიკერის განცხადებით, ბორისოვისთვის ბრალის წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
ბორისოვი და ბულგარეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე ევროკავშირის გაერთიანებული პროკურატურის (EPPO) გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
როგორც იუწყებიან ევროკავშირის პროკურატურა ბულგარეთში 120-ზე მეტ საქმეს იძიებს, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური სახსრების არამართებულ ხარჯვასთან.
სოფიაში ორდღიანი ვიზიტით ევროკავშირის პროკურატურის ხელმძღვანელი ლაურა კოვესი იმყოფებოდა. მისი თქმით, EPPO-მ მიიღო რეკორდული რაოდენობის საჩივრები ბულგარეთიდან ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და 120-ზე მეტი საქმე უკვე გამოძიების პროცესშია.
ბოიკო ბორისოვი ხელმძღვანელობდა ბულგარეთის მთავრობას 2009 წლის ივლისიდან 2013 წლის მარტამდე, 2014 წლის ნოემბრიდან 2017 წლის იანვრამდე და 2017 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე.
ამჟამად, ბორისოვი ოპოზიციური პარტიის "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" (GERB) თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.