17 მარტს, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტიის "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" (GERB) ლიდერი ბოიკო ბორისოვი დააკავეს.
ბორისოვი და ბულგარეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე ევროკავშირის გაერთიანებული პროკურატურის (EPPO) გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
როგორც იუწყებიან ევროკავშირის პროკურატურა ბულგარეთში 120-ზე მეტ საქმეს იძიებს, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური სახსრების არამართებულ ხარჯვასთან.
ბორისოვის გარდა, დააკავეს ქვეყნის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვლადისლავ გორანოვი, პარლამენტის ფინანსური კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მენდა სტოიანოვა და მთავრობის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სევდალინა არნაუდოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია იტყობინება, რომ დაკავებები დაკავშირებულია გამოძიებასთან "ევროკავშირის დახმარების ბოროტად გამოყენების“ საქმეზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ჩხრეკა და დოკუმენტების ამოღება ბულგარეთის არაერთ მისამართზე.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი გაემოხმაურა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: "კანონზე მაღლა არავინ დგას!"
წინა დღით სოფიაში ორდღიანი ვიზიტით ევროკავშირის პროკურატურის ხელმძღვანელი ლაურა კოვესი იმყოფებოდა. მისი თქმით, EPPO-მ მიიღო რეკორდული რაოდენობის საჩივრები ბულგარეთიდან ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და 120-ზე მეტი საქმე უკვე გამოძიების პროცესშია.
ბოიკო ბორისოვი ხელმძღვანელობდა ბულგარეთის მთავრობას 2009 წლის ივლისიდან 2013 წლის მარტამდე, 2014 წლის ნოემბრიდან 2017 წლის იანვრამდე და 2017 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე.
13 მარტს იგი ხელახლა აირჩიეს GERB-ის თავმჯდომარედ.