„საქართველოს ხელისუფლებამ უფრო თამამად და მკაფიოდ უნდა გაიზიაროს ევროკავშირის, ნატოს, შეერთებული შტატების და მთლიანად, ცივილიზებული სამყაროს გასაკვირად ერთიანი პოზიცია ბოროტებას და სიკეთეს შორის, ამ ომთან დაკავშირებით. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ასეც მოხდება“,-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.
შალვა შავგულიძემ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ და „ქართული ოცნება“ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არასწორი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლების ეს პოლიტიკა ქვეყანას ცივილიზებულ მსოფლიოს დააშორებს.
„გამარჯვება მინდა ვუსურვო უკრაინელებს მათ მართალ ომში და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ თავიანთ თავზე იტვირთეს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული და პროგრესული მომავლის დაცვა, რომელსაც ფეხს ვერ უბამს, უპირისპირდება და განადგურებით ემუქრება გაბოროტებული დიქტატორის რეჟიმი. უდიდესია პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყნებისა და ცალკეული ადამიანების დახმარება უკრაინისადმი ამ ძნელბედობის ჯამს.
სამწუხაროდ, ამ ომის მიმართ, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი, მეტად არასწორი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც საპარლამენტო რეზოლუციაში აგრესორად რუსეთის მოხსენიების თავის არიდებაში, ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისადმი არ შეერთებაში, მოხალისე მებრძოლებისა და ექიმების საქართველოდან უკრაინაში გამგზავრებისათვის ხელის შეშლასა და სხვა ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებში გამოიხატა, რეალურია საშიშროება, რომ დაპირისპირებაში უკრაინის საბოლოო გამარჯვების შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, მის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის, საქართველო არ იქნას მოაზრებული. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს დაგვაშორებს ცივილიზებულ მსოფლიოს და ისტორიის ცუდ მხარეს აღმოვჩნდებით“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ.