საქართველომ დაასპონსორა აშშ-ის რეზოლუცია, რომელიც იყო წარდგენილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისი განმარტებით, საქართველომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ რეზოლუციას ძალიან მკაცრად შეხვდებოდა რუსეთის ფედერაცია და ასეც მოხდა, ვეტო დაადო.
"თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ თანასპონსორი ვიყავით ამ რეზოლუციის. საქართველო შეუერთდა ევროკავშირის უმწვავეს განცხადებებს. მოგიწოდებთ, ნახოთ ტექსტი, რა შეფასებებია იქ გაკეთებული და ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია, ეს მარტივი არ არის, პოლიტიკური განცხადებები არის სერიოზული პოზიციის გამომხატველი განცხადებები. ეს არის მთავრობის პოზიცია, რომელიც მხარდაჭერილია პრემიერ-მინისტრის მიერ. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრა და მუდმივად ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგასთან კავშირზე, უკრაინის ელჩთან საქართველოში, პრემიერ-მინისტრის დავალებით მე მას გადავეცი მზაობა, რომ საქართველომ გამოუყოს უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული ჰუმანიტარული დახმარება, ეს დახმარება უკვე გაგზავნილია და უკრაინაში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინელები, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ უსასყიდლოდ განვათავსოთ და მათ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. მსგავსი სახის ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად გაგრძელდება. პრემიერის დავალებით მე მონაწილეობა მივიღე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში, სადაც ძალიან მწვავე შეფასებები გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.