არაერთხელ დავაფიქსირეთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მიუღებლობა იმ აგრესიისა, რომელიც მიმდინარეობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისი განმარტებით, მთელი ამ დღეების განმავლობაში ის მუდმივად კავშირზეა უკრაინელს კოლეგასთან.
"კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი, მე და ასევე პრეზიდენტი მუდმივად ვართ კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ბოლო დღეების განმავლობაში მე მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ბორელთან, გუშინ პრემიერ მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ბატონ ვარჰეის, პრეზიდენტს ჰქონდა ასევე სატელეფონო საუბრები კოლეგა პრეზიდენტებთან. ასევე, მთელი ამ დღეების განმავლობაში მე მუდმივად კავშირზე ვარ ჩემს უკრაინელს კოლეგასთან, სამი ოთხი ზარი იყო ჩვენს შორის და მანამდე მიუნხენში გვქონდა ფიზიკური შეხვედრა, როდესაც ჩვენ განვიხილეთ იქ მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი საფრთხეები. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი ლაიტმოტივი არის უკრაინაში შექმნილი უმძიმესი სიტუაცია, ომი, აგრესია, რომელიც განხორციელდა უკრაინის მიმართ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მიუღებლობა იმ აგრესიისა, რომელიც მიმდინარეობს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა ზალკალიანმა.