მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს პირველი უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
"ჩვენ ვავრცელებთ კიდევ ერთ თხოვნას, რომ შეწყდეს ეს ომი ახლავე. დაუყოვნებლივ დასრულდეს ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ტკივილსა და სიკვდილს", - ამბობს პატრიარქი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ომს სრულიად შემაძრწუნებელი მოვლენა უწოდა. მან მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ეკლესიასა და "ძლიერად ტანჯულ" უკრაინელ ხალხს.
ცოტა ხნით ადრე, ბართოლომეოს პირველმა დაგმო რუსეთის ქმედება, რომელსაც "არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ" უწოდა.
საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, მსოფლიო პატრიარქი აცხადებდა, რომ შეჭრა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც იწვევს სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ბართოლომეოსმა მოუწოდა რუსეთს და მსოფლიო ლიდერებს, იმუშაონ ამ კრიტიკული ვითარების მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რომელმაც "შესაძლოა გლობალური ომიც კი გამოიწვიოს".
მან ასევე მოუწოდა მორწმუნეებს ილოცონ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.