საქართველოს შეიარაღებული ძალების 799 რეკრუტმა სამხედრო ფიცი მიიღო.
საზეიმო ცერემონია ქუთაისში გელათის სამონასტრო კომპლექსში გაიმართა. ჯარისკაცების ფიცის მიღების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. რეკრუტები მეუფე კალისტრატემ დალოცა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.
"თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ამ ბიჭებმა წარმატებულ სამხედროებად ჩამოყალიბება შეძლონ. ჯარისკაცობა რთულია, ამისთვის ხანგრძლივი მომზადება, პიროვნული მზადყოფნა და შემართებაა საჭირო" - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ არსენ ცუხიშვილმა.
დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსზე 1473 რეკრუტი ჩაირიცხა. დღეისათვის სწავლებას 1108 მათგანი განაგრძობს. რეკრუტები დაწყებით საბრძოლო მომზადების კურსს მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გადიან. მათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ.
5 კვირის განმავლობაში სამხედროებმა ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. სწავლების მეორე ეტაპზე რეკრუტები ბრძოლის ველიდან დაჭრილის ევაკუაციას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას და კავშირგაბმულობის საფუძვლებს შეისწავლიან.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ერთია გინდოდეს გახდე სამხედრო და მეორე როდესაც, შენ ამ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე იღებ ფიცით. მინდა ვიყო ღირსეული სამხედრო და კიდევ ერთხელ ვაცხადებ ხმამაღლა ვფიცავ ერთგულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას!" - განაცხადა ერთ-ერთმა რეკრუტმა ერეკლე ნემსიწვერიძემ.