ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. იტყობინება ადგილობრივი მედია.
მედიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მიიღო.
"დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს", - განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
ნაუსედამ რუსეთის ქმედებებს "არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია" უწოდა.
"ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძველს", - თქვა ნაუსედამ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.