დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლის "პლატინის" 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დედოფალმა 5 თებერვალს ნორფილკის საგრაფოში, სანდრინგემის მამულში ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მიღება გამართა. შეხვედრის შემდეგ დედოფალმა გაჭრა ტორტი, რომელიც სპეციალურად ადგილობრივებმა ამ დღის აღსანიშნავად მოამზადეს.
მისმა უდიდებულესობამ მიიღო შროშანებისა და სხვა ყვავილებისგან დამზადებული თაიგულიც.
პრინცესა ელისაბედი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს - მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების დღეს ავიდა. დედოფლის კორონაცია მოგვიანებით, 1953 წლის 2 ივნისს გაიმართა.
ელისაბედ მეორე, რომელსაც 2022 წელს 96 წელი უსრულდება, პირველი მონარქია, რომელიც ტახტზე ასვლის "პლატინის" იუბილეს აღნიშნავს.
იმის გამო, რომ დიდ ბრიტანეთში თებერვალი ძალიან ცივი თვეა, იუბილის აღნიშვნა ზაფხულისთვის არის გადატანილი. მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომლის კულმინაციაც სადღესასწაულო უქმეები - 2-5 ივნისი იქნება.
საიუბილეო თარიღის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ გამოსცა ელისაბედ II-ისადმი მიძღვნილი მარკების სერია, ხოლო სამეფო ზარაფხანამ მოჭრა სამახსოვრო მონეტები.