ENG / RUS       12+

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნა | ფოტოები

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა - პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე, „ჩიტის ბუდეში“ აინთო თამაშების მთავარი სიმბოლო - ოლიმპიური ცეცხლი. 14 წლის შემდეგ ჩინეთის დედაქალაქი კვლავ ოლიმპიური თამაშების მასპინძელია და ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიღების პატივი ერთ ქალაქს ერგო. 

ტრადიციისამებრ, მონაწილე ქვეყნების აღლუმი გახსნეს ბერძნებმა, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა.

დანარჩენი 90 მონაწილე ქვეყანა აღლუმზე წარსდგა ჩინური ანბანის მიხედვით. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ჩვენი ქვეყნის დროშით მოუძღოდნენ სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. 

პეკინის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 9 სპორტსმენი სპორტის 3 სახეობაში იასპარეზებს.

მასპინძლებმა წარმოადგინეს თვალწარმტაცი და ორიგინალური ორსაათიანი სანახაობა. ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას და ფართო ტელეაუდიტორიას სიტყვით მიმართეს პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ცაი ძიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. 

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ოლიმპიადა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე ფართო შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს. ამ შეშფოთების გათვალისწინებით, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს. ევროპელ ლიდერთაგან ოლიმპიადას მხოლოდ პოლონეთის პრეზიდენტი და ლუქსემბურგის ჰერცოგი ესწრებიან. პეკინში ასევე ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

ვინ (არ) გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი პეკინის ოლიმპიადას?