რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მშობლებს, მხარი დაუჭირონ თავიანთ გეი შვილებს, ნაცვლად იმისა, რომ დაგმონ და უარყონ ისინი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, რომის პაპმა ყოველკვირეულ აუდიენციაზე განაცხადა.
რომის პაპმა ოჯახებს მოუწოდა, რომ არასოდეს დაგმონ თავიანთი შვილები, მათ შორის მათი სექსუალური ორიენტაციის გამო.
თავის ყოველკვირეულ აუდიენციაზე პონტიფიკოსმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც მშობლები შეიძლება შეხვდნენ შვილების აღზრდაში. ეს საკითხები, პაპის თქმით, მოიცავს ერთ-ერთ სირთულეს, როდესაც "მშობლები თავიანთ შვილებში განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას ხედავენ და როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ დროს, როგორ დადგნენ შვილების გვერდით და არ მიმართონ დაგმობისა და გაკიცხვის გზას“.
მანამდე, რომის პაპმა განაცხადა, რომ გეი ადამიანებს აქვთ უფლება, რომ ოჯახებმა ისინი მიიღონ როგორც შვილები და და-ძმანი.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას არ ძალუძს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დალოცვა, შეუძლია მხარი დაუჭიროს სამოქალაქო კავშირს, რათა გეი პარტნიორებმა ჯანდაცვის, საპენსიო და მემკვიდრეობის უფლებებით თანაბრად სარგებლობა შეძლონ.
გასულ წელს, ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ კათოლიკე მღვდლებს არ შეუძლიათ ერთაირსქესიანთა დაქორწინება.