ENG / RUS       12+

ფოტო: მარტინ ლუთერ კინგი

17 იანვარი შეერთებულ შტატებში ფედერალური დღესასწაულია, ამერიკელები აღნიშნავენ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს.

სახელგანთქმული უფლებადამცველი 15 იანვარს დაიბადა, თუმცა 1983 წლიდან, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, იანვრის ყოველი მესამე ორშაბათი კინგის პატივსაცემად, ფედერალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დაიბადა.

მის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები დღესაც შთამაგონებელია მილიონობით ადამიანისთვის, მსოფლიოს გარშემო.

მარტი ლუთერ კინგმა გარდამტეხი როლი შეასრულა ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებაში, როგორიცაა 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტი და 1965 წლის ხმის მიცემის უფლება.

რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გამო, კინგი (იმ დროისთვის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მოკლეს.

მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ კი მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ბევრი სკოლა, ქუჩა და შენობა კინგის სახელს ატარებს. 2011 წელს ის გახდა პირველი აფროამერიკელი, რომლის ქანდაკებაც დაიგდა ვაშინგტონის ეროვნულ მოლში.


1956 წლის 27 იანვარი - მარტინ ლუთერ კინგი განიხილავს სტრატეგიას ალაბამაში მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტისთვის. წინა რიგში ზის როზა პარქსი, რომელმაც ბიძგი მისცა ერთწლიან ბოიკოტს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა ავტობუსში ადგილი დაეთმო თეთრკანიანი მამაკაცისთვის.

1956 წლის თებერვალი - კინგი პოლიციის განყოფილებაში, მას შემდეგ რაც დააკავეს მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის ხელმძღვანელობისთვის.

1956 წლის მაისი - კინგი მეუღლე კორეტა და ქალიშვილ იოლანდასთან ერთად. კინგს სულ ოთხი შვილი ჰყავდა.

1956 წლის დეკემბერი - ბოიკოტის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ, მარტინ ლუთერ კინგი მონტგომერის ავტობუსით მგზავრობს. 1956 წლის 13 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ავტობუსებში სეგრეგაციის გაუქმების შესახებ.

1957 წლის მაისი - კინგი სიტყვით გამოდის ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან სიტყვით მიმართა ეროვნულ აუდიტორიას და მისმა გამოსვლამ "მომეცი ხმის მიცემის უფლება" ბიძგი მისცა შემდგომში არჩევნებში თანასწორ მონაწილეობას.

1958 წლის 20 სექტემბერი - კინგი ნიუ-იორკში ჰარლემის ჰოსპიტალში, მას შემდეგ, რაც მას მკერდში დაჭრეს. ინციდენტი, რომელიც ლამის საბედისწერო აღმოჩნდა, ჰარლემის წიგნის მაღაზიაში მოხდა, როდესაც ის თავისი წიგნზე ავტოგრაფებს აწერდა. თავდამსხმელი იყო იზოლა კარი, ფსიქიურად დაავადებული შავკანიანი ქალი.

1963 წლის 28 აგვისტო - მარტინ ლუთერ კინგი მიმართავს ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს. სწორედ აქ, ლინკოლნის მემორიალის კიბეებზე, მან წარმოთქვა თავისი საკულტო სიტყვა "მე მაქვს ოცნება".

1964 წლის იანვარი - აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ბ. ჯონსონი ესაუბრება კინგსა და სხვა სამოქალაქო უფლებების ლიდერებს თეთრ სახლში. 1964 წლის 2 ივლისს ჯონსონმა ხელი მოაწერა სამოქალაქო უფლებების აქტს.

1964 წლის 2 ივლისი - პრეზიდენტი ჯონსონი ხელს აწერს სამოქალაქო უფლებების აქტს, იქვე დგას მარტინ ლუთერ კინგი. კანონმა აკრძალა დისკრიმინაცია რასის, ფერის, რელიგიის, სქესის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე.

1964 წლის ოქტომბერი - აღფრთოვანებულ ხალხი ეგებება კინგს ბალტიმორში, მას შემდეგ, რაც მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. მაშინ ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც მიიღო ეს უმაღლესი ჯილდო.

1968 წლის თებერვალი - კინგი სიტყვით გამოდის ვაშინგტონის კათედრალში.

1968 წლის თებერვალი - კინგი უერთდება ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციას არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.

1968 წლის 4 აპრილი - ტენესის შტატის ქალაქ მემფისში კინგი სასიკვდილოდ დაჭრეს. შეძრწუნებული მოქალაქეები მიუთითებენ იმ მხარისკენ, საიდანაც გასროლა მოხდა. მკვლელობაში რალდებული ჯეიმს ერლ რეი დააპატიმრეს ლონდონში 1968 წლის ივნისში, ხოლო მომდევნო წელს მან აღიარა დანაშაული და მიესაჯა 99 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1968 წელი, ატლანტა - მარტინ ლუთერ კინგის ქვრივი კორეტა და მისი შვილები ცხედართან. მარტი ლუთერ კინგი 39 წლის იყო.

წყარო: CNN