COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენა საზოგადოების შეშფოთების მიზეზი გახდა. უმალ გაჩნდა ომიკრონის შესახებ ერთდროულად საგანგაშო და საიმედო შეფასებებიც. ფაქტი იმის შესახებ, რომ ახალი შტამი განსაკუთრებად სწრაფად ვრცელდება, მოდუნების საშუალებას არ აძლევს მსოფლიოს. რიგმა ქვეყნებმა გაამკაცრა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მეორეს მხრივ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ომიკრონი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისიც გახდეს. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იმედის მომცემია, თუმცა დაბეჯითებით საუბარი ჯერ ნაადრევია.
ომიკრონის დაფიქსირებიდან უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი და მეცნიერებს ახალი შტამის შესახებ უკვე აქვთ შეფასებები და დასკვნები. შევეცდებით ამომწურავი პასუხები გაგცეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ ყველაფერი ომიკრონის შესახებ.
ძირითადი ინფორმაცია
26 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის SARS-COV-2 ვირუსის შეფასების საკონსულტაციო ტექნიკურმა ჯგუფმა (TAG-VE) ვირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, იგივე ომიკრონი, შეაფასა როგორც შემაშფოთებელი.
რაც უფრო მეტად ცირკულირებს COVID-19, მით მეტია ვირუსის ცვლილების ალბათობა და, შესაბამისად, ახალი მუტაციების წარმოქმნა, რისი მაგალითიც არის დელტა, ომიკრონი და სხვ.
ომიკრონი იძლევა შეშფოთების საფუძველს, რადგან მას აქვს დაახლოებით ათამდე მუტაცია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ვირუსის ქცევაზე. სწორედ ამ მუტაციების გამო, მისი პოტენციური ზემოქმედების შესაწავლად, საჭიროა ვირუსზე დაკვირვება. Omicron-ის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების პარალელურად, ევროპის რეგიონში ისევ დომინირებს Delta შტამი და, შესაბამისად, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტს სწორედ Delta შტამზე საპასუხო ღონისძიებების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
თანამედროვე ვაქცინები უზრუნველყოფენ COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტით, მათ შორის დელტა შტამით გამოწვეული დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისაგან დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ჯერ არასაკმარისია, მოსალოდნელია, რომ არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ომიკრონის შტამის შემთხვევაშიც.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს, დროული ვაქცინაცია და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.
რატომ არის ომიკრონი შეშფოთების საგანი?
ყველა ვირუსი, მათ შორის COVID-19 დროთა განმავლობაში იცვლება; ვირუსისთვის ეს ნორმალური ქცევაა, თუმცა, ზოგიერთ მუტაციას ან მუტაციების კომბინაციას შეუძლია შეცვალოს ვირუსის ქცევა დასწორედ ეს განაპირობებს შეშფოთებას; ომიკრონის შემთხვევაში ადგილი აქვს მრავლობით მუტაციას, ზოგიერთი მათგანი განაპირობებს ვირუსის სწრაფ გავრცელებას და იმუნიტეტის უგულებელყოფას. არსებობს რისკი, რომ ინფიცირება მოხდეს მიუხედავად იმისა, მათ აქვთ COVID-19-ის სხვა ფორმების გადატანის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი თუ ვაქცინაციით გამოწვეული იმუნიტეტი. ამავდროულად ფიქსირდება ახალი მუტაციებიც. აქედან გამომდინარე, ომიკრონის შტამი საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოკვლეული, რათა სწორად შეფასდეს მისი პოტენციური ზეგავლენა.
როდის ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვირუსის შეშფოთების საგნად გამოცხადება?
იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ავლენს გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან 1 ან მეტ ცვლილებას:
• ვირუსის გავრცელების ზრდა ან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება
• ვირულენტობის ზრდა ან დაავადების კლინიკური მიმდინარეობის ცვლილება
• ისეთი ეფექტური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტურობის შემცირება, როგორიცაა ვაქცინაცია, დიაგნოსტიკა, სამკურნალო საშუალებები.
რა არის ცნობილი ამ ეტაპზე ომიკრონის შესახებ?
ცნობილია, რომ ომიკრონის შტამი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ პროვინციაში, ხოლო შემდეგ შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მათ შორის ევროპის რეგიონშიც. მოსალოდნელია უფრო მეტი შემთხვევების დაფიქსირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მიმდინარეობს ახალი შტამით გამოწვეული შემთხვევების აქტიური მოკვლევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უერთდება მკვლევარებს სამხრეთ აფრიკასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ომიკრონის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის მიზნით და უზრუნველყოფს კვლევის შედეგების გაზიარებას, როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად საქმე გვაქვს უაღრესად გადამდებ დელტა შტამთან. დადასტურებულია, რომ ხელმისწვდომი პრევენციული ზომები, მათ შორის ვაქცინაცია, ეფექტურია აქამდე არსებული COVID-19-ის ყველა შტამის წინააღმდეგ. ამჟამად ევროპის რეგიონი პანდემიის ეპიცენტრია და მასზე მოდის გლობალური შემთხვევებისა და სიკვდილიანობის 2/3. ბოლო 2 თვის განმავლობაში რეგიონში დაავადების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაორმაგდა, რაც ჯანდაცვის სისტემაზე უდიდეს ზეწოლას განაპირობებს.
რა შეიძლება გაკეთდეს ინდივიდუალურ დონეზე ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად?
დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და სიკვდილისგან დასაცავად აუცილებელია არსებული პრევენციული ღონისძიებების დაცვა, განსაკუთრებით კი ვაქცინაციის გააქტიურება. უახლესი კვლევების მიხედვით ვაქცინაციის დაწყებიდან 60 წელზე უფროსი ასაკის 470 000 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი.
წყარო: NCDC