5 იანვარი ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.
ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილის აღსანიშნავად ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიური გვერდი შეიქმნა.
გამორჩეული საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მულტიმედიურ გვერდზე წარმოჩენილია ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობა და უდიდესი წვლილი საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში. მამა (აზნაური სიმონ თაყაიშვილი) დაბადებიდან მცირე ხანში, ხოლო დედა (თავად გიტული ნაკაშიძის ასული ნინო) 5 წლის ასაკში გარდაეცვალა. დაობლებული ექვთიმეს აღზრდაზე ზრუნვა ნათესავებმა იკისრეს.
შვიდი წლის ასაკში შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, სადაც საღმრთო სჯულს ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა, დეკანოზი სიმონი ასწავლიდა. ოზურგეთის შემდეგ ერთი წელი ფოთშიც სწავლობდა, მოგვიანებით კი ქუთაისის პროგიმნაზიის მეორე კლასში გააგრძელა სწავლა. 1879 წელს, მეხუთე კლასიდან, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიაში გადავიდა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1883) ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც განათლება უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით მიიღო (1883-1887).
საქართველოში დაბრუნებულმა ახალგაზრდა ექვთიმემ აქტიური მოღვაწეობა მასწავლებლობით დაიწყო, ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ასევე ისტორია-გეოგრაფიას.
ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს - ფოტოზე ასახულია ექვთიმე თაყაიშვილის ნიშნების ფურცელი, ცნობა იმის შესახებ, რომ სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში 1876 წლის 3 სექტემბრიდან 1879 წლის 5 ივნისამდე, და სიმწიფის ატესტატი.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია
ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, 1895 წლის 5 ივლისს ექვთიმე ივანე პოლტორაცკის ქალიშვილ ნინოზე დაქორწინდა. პოლონური წარმოშობის ივანე პოლტორაცკი თბილისში ცნობილი ნოტარიუსი იყო. მისი და ილია ჭავჭავაძის ურთიერთობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. სწორედ ივანე პოლტორაცკის უძღვნა ილიამ პოემა „აჩრდილი“.
პოლტორაცკის მეუღლის - ნადეჟდა გაბაშვილის - ოჯახი უზარმაზარ მამულებს ფლობდა და თბილისში ორი დიდი სახლი ჰქონდა. პოლტორაცკის შვილები ბავშვობიდან უზრუნველად ცხოვრობდნენ. ნინო პოლტორაცკაიამ კარგად იცოდა რუსული და ფრანგული, პარიზში დაამთავრა კონსერვატორია და შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე.
ექვთიმემ და ნინომ ჯვარი თბილისში, სამების ეკლესიაში დაიწერეს. იმ დროისთვის ილია საფრანგეთში იმყოფებოდა და ახალდაქორწინებულებს პარიზიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოუგზავნა. ნინომ ქორწილში დანთებული კელაპტრები სიცოცხლის ბოლომდე სათუთად შეინახა.
ექვთიმე ოჯახის წევრებთან ერთად მარცხნიდან: ნინო პოლტორაცკაია და ექვთიმე თაყაიშვილი, სალომე ლორთქიფანიძე, ვარლამ თაყაიშვილი და ნინა ზიმინა, ნიკო თაყაიშვილი და ლისა თაყაიშვილი-გოთუა.
პეტერბურგში ოთხწლიანი სწავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა ახალგაზრდა ექვთიმე თაყაიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. რაკი მას კლასიკურ ენათა სწავლების გამოცდილება ჯერ არ ჰქონდა, ერთხანს თბილისის გიმნაზიებში მომუშავე თვალსაჩინო კლასიცისტთა გაკვეთილებს ესწრებოდა. შემდეგ მუშაობდა ისტორიისა და ლათინური ენის მასწავლებლად თბილისის ქალთა მეორე და ვაჟთა მეექვსე გიმნაზიებში.
1894 წელს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ აირჩიეს. ახალმა გამგემ სკოლაში საუკეთესო მასწავლებლები მიიზიდა, მოწაფეთა რიცხვი დიდად მომრავლდა, სწავლების გაუმჯობესებით მოსწავლეთა ცოდნის დონე უფრო ამაღლდა. ამ სკოლას ოფიციალურად სათავადაზნაურო კი ერქვა, მაგრამ ექვთიმესნაირი მესვეურების წყალობით მასში ფარულად ე.წ. დაბალი ფენის ოჯახთა ნიჭიერი შვილებიც სწავლობდნენ.
გარდა აკადემიური წარმატებისა, იქ ახალგაზრდობა პატრიოტული სულისკვეთებით იმსჭვალებოდა და, მიუხედავად ცარიზმის მოხელეთა მხრივ დევნისა, ქედს არ იხრიდა, ცოდნასაც ეუფლებოდა და ეროვნულ სარბიელზე სამოღვაწეოდაც ემზადებოდა. ექვთიმე თაყაიშვილი მათი სუსხიანი, მაგრამ უსაყვარლესი აღმზრდელი ყოფილა, ისევე, როგორც პედაგოგიური პერსონალის ღირსეული და დიდად პატივცემული მეთაური 10 წლის განმავლობაში.
1904 წელს ექვთიმემ მიატოვა ეს სასწავლებელი. თუმცა, რადგანაც ახლადშექმნილი ოჯახი უნდა ერჩინა, ქართული უნივერსიტეტის დაარსებამდე თბილისის სხვადასხვა სახელმწიფო გიმნაზიაში ისტორიისა და ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობდა.
ექვთიმე თაყაიშვილი გიმნაზიის მოწაფეებთან ერთად
ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ის ივანე ჯავახიშვილთან ერთად არჩეული იყო “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში უნივერსიტეტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად.
1917 წლის 12 მაისს პეტრე მელიქიშვილის ბინაში გაიმართა უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი კრება. კრებას, რომელსაც 28 კაცი ესწრებოდა, ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვრა. ექვთიმე შევიდა იმ კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც აკადემიური საკითხების ორგანიზება ევალებოდა.
უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი ლექციებს კითხულობდა არქეოლოგიაში და იყო არქეოლოგიის კათედრის გამგე. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მას დოქტორის ხარისხი მიანიჭა.
1920 წლისთვის ექვთიმე თაყაიშვილი კვირაში სამ ლექციას კითხულობდა: საქართველოს სიძველეების შესავალს (ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანა); საქართველოს ისტორიული დროის სიძველეთა ზოგად მიმოხილვას; ეპიგრაფიკასა და ეკლესია-მონასტრების ისტორიას.
ინიციატივა ცენტრალური არქივის დაარსების შესახებ
ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ხელმძღვანელი, მთავრობას სწერდა:
"საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ხშირად მოჰმართავენ ხოლმე სხვადასხვა დაწესებულებანი და ადგილობრივი მართვა-გამგეობის ორგანოები წინადადებით - მიიღოს ადგილობრივი საერობო სამაზრო და სხვა არქივები შესანახად, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას საამისოდ არ მოეპოვება საჭირო ბინა; თვით ის არქივები და საარქივო მასალები კი ფრიად ძვირფას საისტორიო მასალას წარმოადგენენ და მათი დაკარგვა დიდად სამწუხარო და აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნებოდა.
საზოგადოების საბჭოს აზრით, აუცილებლად საჭიროა დაარსდეს თფილისში ცენტრალური არქივი შესაფერის ბინითა და შტატით, ხომ პროვინციალურის არქივებს ამით თავის დროზე სათანადო პატრონობა გაეწიოს და ძვირფასი საისტორიო მასალები სამუდამოდ არ დაეკარგოს შთამომავლობას. საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი“. 12 იანვარი, 1920 წელი.
ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არქეოლოგიური ექსპედიციები გაიმართა
პირველ რიგში: სვანურ საკარცხულზე ზის ექვთიმე თაყაიშვილი. მეორე რიგში: მარცხნიდან მესამე- არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი, მეოთხე - ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი, მესამე რიგში: მარჯვნიდან პირველი - ივანე ნიჟარაძე სვანეთი, 1910 წელი
1888 წლის იანვარში ექვთიმე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა. მისი სახელი არაერთი სკოლის გახსნას, წიგნის გამოცემას, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის გამდიდრებას, უამრავი ქართული ხელნაწერის, ისტორიული საბუთისა თუ სხვა სიძველის გადარჩენას უკავშირდება.
1899 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო სერია - „საქართველოს სიძველენი“, მოგვიანებით კი - „ძველი საქართველო“. ის თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. ამ ნაშრომებმა ფასდაუდებელი ინფორმაცია შემოგვინახა საქართველოს სიძველეების, სიგელ-გუჯრებისა თუ ისტორიული მნიშვნელობის ფაქტების შესახებ.
1907 წელს ექვთიმეს თაოსნობით დაარსდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება. 1908 წლიდან საზოგადოებამ ქართლიდან დაიწყო არქეოლოგიური მოგზაურობები. 1910 წელს ასეთივე ექსპედიციები ჩატარდა ლეჩხუმსა და სვანეთში, 1913 წელს - გურია-სამეგრელოსა და იმერეთში, 1902-1917 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა სამჯერ იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში, 1919-1920 წელს - რაჭაში. ექსპედიციის დროს შეიკრება და მოგვიანებით გამოიცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ.
1917 წელს სპირიდონ კედიას ხელმძღვანელობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ჩამოყალიბდა, პარტიის საპატიო ხელმძღვანელი ნიკო ნიკოლაძე იყო, ხოლო სპირიდონ კედიას უახლოეს თანამოაზრეებს შორის - ექვთიმე თაყაიშვილი.
1917 წლის ნოემბერში სწორედ ამ პარტიის სახელით მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც ეროვნულმა საბჭომ პირველივე შეკრებაზე მიიღო.
1919 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. იგი გახლდათ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდიუმის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე 1919-1921 წლებში; ამასთანავე, იმ სატერიტორიო კომისიის წევრი იყო, რომელსაც სომხეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიების შესწავლა ევალებოდა. მას დაევალა ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა. ექვთიმე თაყაიშვილმა აქტიური პოლიტიკური თუ კულტურული მოღვაწეობა ემიგრაციაშიც გააგრძელა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა, 1919 წელი
მთავრობის ლოჟაში სხედან: ნოე ხომერიკი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, რაჟდენ არსენიძე, ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში სხედან: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, ქრისტინე შარაშიძე. ხელმარცხნივ: ჟურნალისტთა ლოჟა თბილისი, 1919 წელი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი
კონსტანტინე ჯაფარიძე, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, ქრისტინე შარაშიძე.
მთავრობის სასახლის აივანი (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე).
თბილისი, 1919 წელი.
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმი
„როდესაც ამიერკავკასიაში სამი რესპუბლიკა დაარსდა, de facto სამივე ცნობილი იყო, მაგრამ მათში მარტო საქართველომ შესძლო, რომ ანტანტას ის de iure-თაც ეცნო. ეს არ ღირსებია არც ერთს ჩვენს მეზობლებს. საქართველოს სუვერენობა არათუ მარტო ევროპის სახელმწიფოებმა ცნეს, ის იცნო აგრეთვე რუსეთმაც და სპეციალური ხელშეკრულობით საჯაროდ აღიარა მისი სუვერენობა არსებულს საზღვრებში“, - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
ტრიბუნაზე მარჯვნიდან პირველი დგას დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილი. თბილისი, 1921 წლის 6 თებერვალი
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა სამუზეუმო სიძველეთა ჯერ ბათუმში ევაკუაცია, ხოლო შემდგომ - ეროვნული განძის მეთვალყურეობა და დაცვა. ასე მოუწია მას იძულებით ემიგრაციაში წასვლა. იგი მეუღლე ნინა პოლტორაცკაიასთან ერთად პარიზთან ახლოს, ლევილში, ცხოვრობდა.
ემიგრაციაში ყოფნისას იგი განაგრძობდა სამეცნიერო საქმიანობას. 1922 წელს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, ხოლო 1925 წელს საფრანგეთის აზიის საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. ემიგრაციაში, 1937-1939 წლებში, ექვთიმე ხელმძღვანელობდა თავის მიერვე დაარსებულ ,,ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდს“. იგი აირჩიეს ლონდონის სამეცნიერო პერიოდული გამოცემა „Georgika“-ის სამეცნიერო საბჭოში. ექვთიმე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან: გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“; ჟურნალები: „სამშობლო“, „კავკასიონი“, „ჯვარი ვაზისა“, „ქართლოსი“, „ბედი ქართლისა“. იგი მონაწილეობდა პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის დაფუძნებაში და არჩეულ იქნა ამ ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს მუდმივ წევრად.
მისი ძალისხმევით მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო მუზეუმს შორის შედგა შეთანხმება საქართველოდან გატანილი ეროვნული საგანძურის ამ მუზეუმისთვის გადაცემის თაობაზე. ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს ეროვნული განძი საქართველოში 1945 წლის 11 აპრილს ჩამოიტანა.
ექვთიმე თაყაიშვილი ლევილის ბაღში. 1940 წელი
1945 წლის 11 აპრილს, 25 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
საქართველოში მას საშუალება მიეცა განეგრძო მეცნიერული მუშაობა, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და ახლადდაარსებული აკადემიის წევრს. მან ორივე დაწესებულებაში ნაყოფიერად იშრომა და 8 წლის განმავლობაში გამოაქვეყნა 16 დიდი თუ პატარა სხვადასხვა ნაკვლევი, თითქმის ამდენივე კი დასაბეჭდად მოამზადა.
1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
1951 წელს დააპატიმრეს ექვთიმეს შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, ხოლო 1952 წლის დასაწყისში ექვთიმე გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“.
1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ექვთიმე თაყაიშვილი გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე, ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააცილა.