დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტრადიციულად ერს საშობაოდ მიმართა.
დედოფალმა საშობაო მიმართვაში, რომელიც უინძორის ციხე-სიმაგრეში ჩაიწერა, პატივი მიაგო პრინც ფილიპის ხსოვნას.
ედინბურგის ჰერცოგი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მიუხედავად იმისა, რომ შობა დიდი ბედნიერებისა და სიხარულის დღეა, ის შესაძლოა განსაკუთრებულად მძიმე იყოს მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. წელს ეს ყველაზე კარგად მესმის რატომაც", - თქვა მონარქმა მიმართვაში.
"თუმცა, ჩემი საყვარელი ფილიპის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მანუგეშებდა ის თბილი გზავნილები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომდიოდა და სადაც ადამიანები მადლიერებას გამოხატავდნენ პრინცის ქმედებების გამო", - დასძინა დედოფალმა.
"ცხოვრება, რა თქმა უნდა, შედგება, როგორც საბოლოო განშორებისგან, ასევე პირველი შეხვედრებისგან. და რამდენადაც მე და ჩემს ოჯახს, ის [პრინცი ფილიპი] გვენატრება, დარწმუნებული ვარ, მას ენდომებოდა, რომ შობა მხიარულად გაგვეტარებინა", - თქვა ელისაბედ მეორემ.
თავის მიმართვაში ელიზაბეტ II-მ ცალკე ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს შობას ოჯახის გაერთიანების კონტექსტში.
"პანდემიის გამო, ჩვენ შობას ვერ აღვნიშნავთ ისე, როგორც გვსურს, მაგრამ მაინც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისარგებლოთ მრავალი მშვენიერი ტრადიციით, იქნება ეს, საშობაო სიმღერების შესრულება, ნაძვის ხის მორთვა, საჩუქრების გაცემა და მიღება თუ ფილმის ყურება, რომლის დასასრულიც უკვე ვიცით. გასაკვირი არ არის, რომ ოჯახები ასე ხშირად სცემენ პატივს საშობაო რიტუალებს", - თქვა მან.
სიტყვით გამოსვლისას მისმა უდიდებულესობამ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოვლენის აუცილებლობაზე, რომლებსაც შეუძლიათ შეხედონ სამყაროს სხვაგვარი, უღრუბლო მზერით.
"ისინი გვასწავლიან, რომ დაბადება არის რაღაც ახლის გაჩენა უსაზღვრო პოტენციალით. ეს არის საშობაო ისტორიის მნიშვნელობა, რაც მას ასე საყოველთაოდ მიმზიდველს ხდის", - თქვა მონარქმა.
დედოფლის საშობაო მიმართვა უინძორის ციხე-სიმაგრეში ჩაიწერა, სადაც მონარქი მეორე წელია შობას ხვდება. პანდემიის გამო, დედოფალი მეორე წელია შობას სანდრინგჰემის სამეფო მამულში არ ხვდება.
ფოტო: PA