„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები", აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყების შეფასებისას.
მისი განმარტებით, შიმშილობა ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს.
"ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით. ვფიქრობ, ეს გზა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისითაც უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ სტრატეგიას მიმართავენ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.