რომის პაპმა ფრანცისკემ მკაცრად დაგმო ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა და განაცხადა, რომ მას "თითქმის სატანისტურ" ცოდვად მიიჩნევს.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ეს განცხადება კვირას, იტალიური ტელეარხის TG5-ის ეთერში გააკეთა.
რომის პაპმა ღრმა წუხილი გამოთქვა, რომ "ძალზედ დიდია იმ ქალების რიცხვი, რომელთაც სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ სახლებში".
"პრობლემა ისაა, რომ ჩემთვის ეს თითქმის სატანისტური ქმედებაა, რადგან მოძალადებს ძალადობს ადამიანზე, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია. ეს უაღრესად დამამცირებელია", - თქვა პონტიფიკოსმა.
რომის პაპმა დასძინა, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობას განიცდიდნენ, ღირსება არ დაუკარგავთ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, რომის პაპმა ფრანცისკემ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო ოჯახში ძალადობის საკითხებს, რადგან მკაცრი ჩაკეტვების ფონზე, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ერთ ჭერქვეში მოძალადეებთან ერთად.
გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 13 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ გამოკითხულ ქალთა უმეტესობის თქმით, პანდემიის დაწყებიდან, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
იტალიის პოლიციის მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად ქალთა მიმართ ძალადობის დაახლოებით 90 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 62 პროცენტი ოჯახურ პირობებში ხდება.