ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც კრემლი ალიანსისგან მოითხოვს, ოფიციალურად უარი თქვას უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ლინკევიჩუსი ამბობს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი მიენიჭებინათ.
ლიეტუველი დიპლომატის განცხადებით, რუსეთისთვის რაიმეს დათმობა უკვე აღარ შეიძლება.
"2008 წელს ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის მაპი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა - მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს მოსთხოვა, "ოფიციალურად უარი თქვას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე" უკრაინისა და საქართველოს მომავალი წევრობის შესაძლებლობის შესახებ.
რუსეთის განცხადებით პასუხად, ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი თავის პოზიციას არ შეცვლის და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. თბილისი მოსკოვის მოწოდებას მიუღებელს უწოდებს.