"საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და მის ციხეში ყოფნას ეხებოდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული სხვადასხვა საქმეზე და ამაზე პასუხი უნდა აგოს.
"არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა-დაკავება და მისი საპატიმროში ყოფნა, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, შექმენი ის სისხლიანი მმართველობა, ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ამაზე პასუხი უნდა აგო. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე ბრალი აქვს წაყენებული და სასჯელი უნდა მოიხადოს. საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს - მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები. ეს არის სამწუხარო რეალობა", - მიმართა კახა კალაძემ ოპონენტებს.
დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, სადაც თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცებაზე მსჯელობენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.